კულინარია, როგორც ანტიდეპრესანტი

სტანდარტული

ბოლო დრომდე მეგონა, რომ შოპინგი, ჩემთვის ყველაზე საუკეთესო ანტიდეპრესანტი იყო. თურმე ვცდებოდი.. კულინარიასა და სამზარეულოში ფუსფუსს ვეღარაფერი შეედრება. ისეთი ბედნიერი და მოშვებული ვარ სამზარეულოში, ისე მიხარია რამე
ახალი კერძის მომზადება-მოგონება..ისე სულმოუთქმელად ველოდები ახალი კერძის დასრულებასა და დაგემოვნებას, როგორც ბავშვები ელოდებიან ხოლმე თოვლის ბაბუასა და მის მოტანილ საჩუქრებს..
ამ ამბავში ყველაზე გასაკვირი ისაა, რომ კულინარიული კრახის არ მეშინია.. მერე რა, თუ რაღაც ისე არ გამომივიდა როგორც საჭიროა, და ის გემო ვერ მივიღე, რომელსაც ველოდი.. მთავარია, რომ მზადების პროცესში ყველაზე ბედნიერი ვიყავი..
მიყვარს ჩემი ახალი ანტიდეპრესანტი, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ცუდი გვერდითი ეფექტი ახლავს თან – წონაში მატება.. მაგრამ ამაზე ვიფიქრებ ხვალ. დღეს კი ძალიან ბედნიერი ვარ

Bon Appétit!

სტანდარტული

“ჭამა სიამოვნებაა!” არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამაში არ დამეთანხმება. დარწმუნებული ვარ, ის ადამიანიც კი, რომელიც ყოველი კვების წინ კალორიების თვლაშია და გამუდმებით ცდილობს ფორმაშიიყოს, იზიარებს იმ აზრს, რომ ჭამა უდიდესი სიამოვნებაა! ცუდია, რომ შეუძლებელია ამ ერთი ფრაზით  მომატებული წონისა და  სხეულზე ზედმეტი ნაკეცების გამართლება.. არადა თითოეული ზედმეტი ნაკეცი ხომ დიდი სიამოვნების შედეგია!

უკანასკნელ პერიოდში იმ დასკვნამდე მივედი, რომ საყვარელი საკვების  შეზღუდვა ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე, ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები და საყვარელი კერძის სურნელი და იმაზე ფიქრი რომ გავსუქდები, მკლავს! არაფერი,  არაფერი არ შეედრება იმ დიად გრძნობას, როცა სიამოვნებით მიირთმევ შენსსასურველსაჭმელს! თუმცა,მე ბოლო პერიოდში ახალი, უფრო დიდი სიამოვნებაც აღმოვაჩინე – სამზარეულოში ფუსფუსი და საყვარელი კერძების თავად მომზადების სიამოვნება! ეს ჩემი ახალი გატაცება, უფრო სწორად ახალი სიყვარულია! 🙂  ცნობილი კულინარი, ჯულია ჩაილდი ამბობდა: “Find something you’re passionate about and keep tremendously interested in it.”  მეც აღმოვაჩინე ჩემი დიდი გატაცება და ახლა ვცდილობ მის სიღრმეებს ჩავწვდე. 🙂 როგორც გარშემომყოფები მეუბნებიან წარმატებასაც ვაღწევ კულინარიულ ფრონტზე. ეს ყველაფერი იმის სტიმულს მაძლევს, რომ უფრო მეტი რამის მომზადება ვისწავლო, ახალი კერძები გამოვიგონო,  არსებულებს სახე შევუცვალო და ჩემს გემოვნებას მოვარგო.

მნიშვნელოვანია და ჩემთის ცოტა გასაკვირიც, რომ წარუმატებლობის არ მეშინია!  ისევ ჯულია ჩაილდს დავესესხები, (ბოლო დროს ძალიან გატაცებული ვარ ამ ქალბატონით,  რომელმაც თავის დროზე შეუძლებელი შეძლო – გამოაქვეყნა კულინარიული წიგნი, რომელიც დღემდე ბესთსელერია – “Mastering the Art of French Cooking”   და ამერიკელი ხალხი ფრანგული კულინარიის ხელოვნებას აზიარა) “The only real stumbling block is fear of failure. In cooking you’ve got to have a what-the-hell attitude.”  შესაბამისად, მეც ამ ფრაზით ვხელმძღვანელობ თითოეული კერძის მომზადებისას.

და რაც ყველაზე მთავარია, ვამზადებ სიყვარულით, საყვარელი ადამიანისთვის! ჩემს მიერ მომზადებული კერძის ყველაზე დიდი შემფასებელი ჩემი მეუღლეა.  როცა რამეს ვამზადებ, თუნდაც ძალიან მარტივს,  მასზე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემი ნებისმიერი კერძის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია…